ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ
ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად.
შესაბამისი ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.
„ზემოაღნიშნული ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.