ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე - რიგ შემთხვევებში, მოძალადე მშობელს უფლება ჩამოსართმევი აქვს, მოძალადეობას ოჯახის ერთი წევრის მიმართ თუ ამჟღავნებ, მეორე წევრის, იგივე ბავშვის მიმართაც ჩადიხარ
კარგი იქნება, თუ პირველი შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში სავალდებულო გახდება, რომ პირმა სარეაბილიტაციო კურსის სახით ათი სეანსი მაინც გაიაროს, თორემ მოძალადე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, – ამის შესახებ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ფსიქოლოგმა, პროფესორმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, შედეგი დადგეს სპეციალისტის ჩართვის გარეშე, როცა ძალადობის მსხვერპლი ცდილობს, გარკვეული მიდგომებით თავად შეცვალოს მოძალადე, რადგან ხშირად, როგორც ძალადობის მსხვერპლები ამბობენ, ქმრის, თუ პარტნიორის გამოსწორების იმედი ჰქონდათ და ცდილობდნენ, მათ შედარებით ფრთხილად მოქცეოდნენ, რუსუდან ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათი ესმის, მაგრამ შედეგი ასე ვერ დადგება.
„აქ მათი ბრალეულობაც არის, ასე ვთქვათ, მათი არჩევანია და ბოლოს და ბოლოს, მათ უყვართ ეს თავისი მოძალადე, თავისი განცდები აქვთ მათ მიმართ და ეს იმედი ასე ვთქვათ, ილუზორულ ფორმას იღებს. ხშირად გაიგონებთ, როდესაც ნასვამია, მაშინ თუ მომარიდებთ, თორემ როდესაც ფხიზელია, ისეთი კარგი მამა და მეუღლეა, არ შეიძლება, რაღაც იყოს და ამ დროს მომარიდოთო?“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ქალისთვის ბავშვის წართმევა, რითაც მათ მოძალადეები ხშირად აშინებენ, ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ზოგადად, ქალისთვის ბავშვების წართმევა ძალიან რთულია, თუმცა ხშირად, მუდმივი ძალადობის მსხვერპლი კარგავს ბავშვის მოვლის უნარს და ამას მოძალადე ძალიან კარგად იყენებს.
„ამით ძალიან ხშირად სარგებლობენ ასევე ადვოკატები. გარდა ამისა, მოძალადე ძალიან რაფინირებულად საუბრობს, ძალადობის მსხვერპლი ქალი კი მაინც სულ ისტერიკაშია, თავის განცდებს ვერ აყალიბებს და ემოციურად გამოხატავს. გარდა ამისა, როცა ქალი სულ სახლშია და მამაკაცზეა დამოკიდებული, ამასაც იყენებენ ადვოკატები და ამბობენ, როგორ შეუძლია, მან ბავშვებს მიხედოს, როდესაც შემოსავალი არ აქვსო. ეს ძალიან რთული ჯაჭვია. საერთოდ, როგორც წესი, დედობის უფლების წართმევა ძალიან რთულია, ისევე, როგორც მამობის უფლების წართმევა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მთელ რიგ შემთხვევებში ნამდვილად წასართმევი აქვს უფლება ერთ-ერთ მშობელს, რომელიც მოძალადეა. მოძალადეობა ეს ისეთი თემაა, რომელსაც თუ ოჯახის ერთი წევრის მიმართ ამჟღავნებ, აუცილებლად მეორე წევრის მიმართაც ამჟღავნებ, იგივე ბავშვის მიმართაც. არის უამრავი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს აშინებენ, რომ არაფერი თქვან“, – განაცხადა ფხაკაძემ.
რუსუდან ფხაკაძემ ასევე განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ, დარეკონ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრ “სახლის” ტელეფონის ნომერზე – 032 298 90 80 და კონსულტაციები მიიღონ.
„როგორც წესი, მსხვერპლებს აწუხებთ ყველაფერი, მაგრამ მათ ჯერ არ იციან, რომ ამას ჰქვია ძალადობის მსხვერპლობა. აი, ამაში ეხმარება ჩვენი კონსულტაციები, იმის გაცნობიერებაში, რომ ამ მოვლენას ჰქვია ოჯახში ძალადობა, ეს მოვლენა მარტო მის კარს და თავს არ არის, მოძალადეს ახასიათებს ასეთი თვისებები, მსხვერპლს ახასიათებს შიში და ა.შ“, – განაცხადა რუსუდან ფხაკაძემ.