ფსიქოლოგი - არ არის სასურველი, ბავშვებს ოჯახში ძალადობა ვაჩვენოთ, რადგან ხშირშემთხვევაში განმეორებითია და თაობიდან თაობას გადაეცემა
არსებობს ადამიანი, რომელიც თავისი ფსიქოტიპით მოძალადე არ არის და, რომელსაც ძალადობის მუხტი დასწავლილი აქვს, – განაცხადა ფსიქოლოგმა, სოფო ტაბაღუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„აღზრდისას მას ჩაუდეს სტერეოტიპი, რომ მაგრად უნდა დადგეს, რომ ცოლი თავზე არ დააჯდეს. ასეთი ტექსტები არსებობს, ბიჭებს ასე ზრდიან. ამ დროს ძალადობა მისი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ შეიძლება, თავისი ოჯახის სივრცეში მან ძალადობის სხვადასხვა ტიპის ფორმა გამოიყენოს, ანუ თავისი ოჯახის მოდელი აიღოს და გადმოაკოპიროს იმ ახალ ოჯახში, რომელსაც ქმნის, ამიტომ არ არის სასურველი, ბავშვებს ოჯახში ძალადობა ვაჩვენოთ, რადგან ის ხშირშემთხვევაში განმეორებითია და თაობიდან თაობას გადაეცემა“, – განაცხადა სოფო ტაბაღუამ.
სოფო ტაბაღუას თქმით, მნიშვნელოვანია, აღზრდის სტილი ფაქიზად იყოს შერჩეული და ოჯახებში ძალადობა არ იყოს, რომ შემდეგ, ჩვენმა ახალმა თაობამ ეს ძალადობა თავის სივრცეში არ გადაიტანოს.
როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, ძალიან ხშირად პიროვნების მოძალადეობრივ ხასიათს ფსიქიკურ აშლილობას უკავშირებენ, თუმცა მისი განმარტებით, ეს მითია, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობა მოძალადეობას არ ნიშნავს. როგორც სოფო ტაბაღუა ამბობს, ძალადობა სხვა რამეა და მოძალადის ფსიქოტიპი სხვა, ცალკე აღებული ფსიქოტიპია.