ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა თბილისის მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ მუშაობა დაიწყეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისა და მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
„სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული ძალიან სამწუხარო ფაქტის, 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაში და პირველ რიგში, იმედს გამოთქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220 (3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220 (3335)
ცხელი ხაზის ნომრები განთავსებულია როგორც მანდატურის სამსახურის საიტზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.