საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე რამდენიმე საათის წინ კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.
საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, რომ თუშეთის გზაზე წარმოქმნილ პრობლემებზე მძიმე ტექნიკა რეაგირებას მალევე ახდენს.
„ტერიტორიაზე არის შესაბამისი ტექნიკა, რომელმაც 15-20 მეტრზე წაღებული გზის რეაბილიტაცია რამდენიმე საათში მოახდინა და ამ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია. უკვე გავიდნენ ის მანქანები, რომლებიც 56-ე კილომეტრთან იყვნენ და გზის გასუფთავებას ელოდნენ.
თოვლის დნობისა და წვიმის შედეგად გზის ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოქმნილი შეფერხებების აღმოსაფხვრელად თუშეთის გზაზე არსებული მძიმე ტექნიკა მყისიერად ახდენს რეაგირებას და ამ დროისათვის საავტომობილო გზის არცერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული არ არის“, – აცხადებს კახოიძე.