ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, უკვე დაახლოებით ხუთი დღეა ადგილზე მუშაობს ტექნიკა და იწმინდება გზა. ამ დროისთვის აბანოს უღელტეხილამდე გზა სრულად არის გაწმენდილი. შემდეგ იწყება უკვე მთავარი, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ვფიქრობთ, 20 მაისისთვის დავასრულებთ და ტურისტული სეზონიც გაიხსნება”, – განუცხადა პირველ არხს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში შარშან რამდენჯერმე დაფიქსირდა. კერძოდ კი, მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, მეწყერის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.
თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია.
თუშეთისკენ მიმავალი გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ექვსი თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.