ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწა-კლდის მასა დღეს დილითაც ჩამოწვა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას განმეორებით ჩამოწვა მიწა-კლდის მასა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხდეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი, გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.