ფრუიძემ ბათუმელებს ჩემპიონობა მიულოცა - ვეცდებით, ფინალში სულ სხვა „სამგურალი“ იხილოთ #1TVSPORT
წყალტუბოში „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე ისაუბრა – ეროვნული ლიგის 35-ე ტურში გამოცდილი სპეციალისტის გუნდმა საკუთარ მოედანზე ბათუმელები ჩემპიონის სტატუსით მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი გაინაღდა, საქართველოს თასის ფინალში გავიდა და რეალურად, ამ შეხვედრას მოთამაშეები უმოტივაციოდ მიუდგნენ. წყალტუბოელთა გამოცდილი სპეციალისტის თქმით, წაგება სწორედ ამ მიზეზებმა გამოიწვია.
„გამოჩნდა, რომ კონცენტრაცია დაკარგული გვქონდა. ალბათ, სეზონის მიზნების შესრულების ემოციურ ფონზე – გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩა. ჩვენ ეს ძალიან განვიცადეთ. ბათუმის „დინამო“, რომელიც ჩემპიონი გახდა, მოედანზე უფრო კონცენტრირებული გამოვიდა და ამან წარმატება მოუტანა. ვულოცავ ბათუმის „დინამოს“ ამ წარმატებას და ჩემპიონობას. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნამდვილად ღირსეული ჩემპიონი გვყავს“, – ამბობს სოსო ფრუიძე.
წყალტუბოში „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ ბათუმელებთან მატჩს და შემდეგი ტურის შეხვედრასაც საქართველოს თასის ფინალისთვის მოსამზადებლად იყენებს.
„ამ თამაშსაც და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბოლო ტურის შეხვედრასაც განვიხილავთ, როგორც თასის ფინალისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ თამაშს. ვეცდებით, რომ ფინალში სულ სხვა „სამგურალი“ იხილოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს „სამგურალისა“ და თბილისის „საბურთალოს“ დაპირისპირება 8 დეკემბერს გაიმართება.