„სამგურალმა“ მზადება დაიწყო - ფრუიძის გუნდი აზერბაიჯანულ „საბაჰს“ შეხვდება #1TVSPORT
„სამგურალმა“ მზადება დაიწყო - ფრუიძის გუნდი აზერბაიჯანულ „საბაჰს“ შეხვდება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადება 11 ივლისს წყალტუბოში დაიწყო. საწვრთნელი პროცესის მეორე დღეს გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა.

„წყალტუბოში ერთი კვირა ვივარჯიშებთ, 19 ივლისიდან კი მზადებას საჩხერეში გავაგრძელებთ. 17 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას ვგეგმავდით ქუთაისის „ტორპედოსთან“, მაგრამ ქუთაისური გუნდი ჯერჯერობით შეკრებას ვერ ახერხებს და აღნიშნული მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ სხვა სპარინგ-პარტნიორიც არ გამოჩნდა, გუნდს ორმხრივ შეხვედრას გავმართავთ“, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა შეკრების დროს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზეც ისაუბრა.

„საჩხერეში ვარჯიშის პარალელურად რამდენიმე საკონტროლო მატჩს გავმართავთ. 23 ივლისს აზერბაიჯანული პრემიერლიგის წარმომადგენელ „საბაჰს“ შევხვდებით, 28 ივლისს ბოლნისის „სიონს“ დავუპირისპირდებით, 31 ივლისს ჩვენი მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იქნება“.

რაც შეეხება გუნდში მიმდინარე ცვლილებებს, „სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ლუკა ასათიანმა დატოვა, რომელიც კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა, სხვა სატრანსფერო სიახლეები ამ ეტაპზე არ არის.

დატოვე კომენტარი