სოსო ფრუიძე - „დილასთან“ მოგებაში დარწმუნებული ვიყავი და ეს გუნდში თამაშამდე ვთქვი #1TVSPORT
სოსო ფრუიძე - „დილასთან“ მოგებაში დარწმუნებული ვიყავი და ეს გუნდში თამაშამდე ვთქვი #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალი“ კიდევ ერთი სენსაციის ავტორი გახდა – სოსო ფრუიძის გუნდმა გასვლაზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილა“ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 2:1 დაამარცხა. 

„ჩვენ გუნდებს ამ სეზონში განსხვავებული მიზნები გააჩნიათ და განსხვავებულ ფეხბურთსაც ვთამაშობთ – იქიდან გამომდინარე, რა გუნდებიც გვყავს. მიმაჩნია, რომ დღეს „სამგურალმა“ სამი ქულა სრულაიდ დაიმსახურა. დღეს ფეხბურთს სხვა კომპონენტებთან ერთად ბრძოლისუნარიანობაც სჭირდება“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდის დაცვით ტაქტიკაზეც ილაპარაკა: „ის ტაქტიკა, რომლითაც დღეს ჩვენ ვითამაშეთ, სრულიად გამართლებულია, რადგან მეორე ნომრად ტოპ-კლასის გუნდებიც თამაშობენ. ჩვენმა ბიჭებმა იბრძოლეს და ამისთვის მადლობა ვუთხარი“.

ფრუიძის თქმით, მოგებაში თამაშამდე დარწმუნებული იყო: „შესაძლოა, მოგების შემდეგ ცოტა ცუდი ნათქვამი არის, მაგრამ მოგებაში დარწმუნებული ვიყავი და ეს თამაშამდე ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობასაც ვუთხარი, რომ ჩვენ ამ შეხვედრას მოვიგებდით. გაგვიმართლა შეცვლებმაც და ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ. რა თქმა უნდა, გორის „დილას“ წარმატება და მიზნების მიღწევა მინდა ვუსურვო. ჩვენ კი საკუთარი მიზნები გვაქვს და მე მგონია, რომ ნელ-ნელა წინ წავიწევთ“.

13 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა – გუნდმა 16 ქულა დააგროვა, თბილისის „ლოკომოტივს“ (15) და ქობულეთის „შუქურას“ (14) გადაასწრო და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.