„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში საპროტესტო აქციას მართავენ
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობბაზასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას დედოფლისწყაროში მოპოვებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ. ისინი 11 თვის სახელფასო დავალიანებების გასტუმრებასთან ერთად, სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ.
მოსახლეობას ადგილზე კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ, თუმცა მათ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
„ადრე შემოგვითვალეს, რომ თუ ჩვენ არ მივცემთ ნავთობბაზიდან ნავთობის გატანის უფლებას და წინააღმდეგობას გავწევთ, პოლიციას გამოიძახებენ და დაგვაკავებენ. ჩვენ რომ თითქმის ერთი წელია, ხელფასი არ გადაგვიხადეს, ეს არაა დანაშაული?“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ნაბთობბაზასთან შეკრებილები დღეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან.
„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს.