„ფრონტერა“ გარემოს დაბინძურებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევისთვის დაჯარიმდა
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ გარემოს დაბინძურებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევისათვის დააჯარიმეს. თანხის რაოდენობა უცნობია.
ნავთობმომპოვებელი კომპანიის საქმიანობით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ორი დღის წინ დაინტერესდა. ნავთობისა და გაზის სააგენტოს თანამშრომლებმა ვითარება დედოფლისწყაროში შეისწავლეს და რამდენიმე შეუსაბამობა აღმოაჩინეს. სააგენტოს თანამშრომლებმა კომპანიის წარმომადგენლებს სიტუაციის გამოსასწორებლად ორკვირიანი ვადა მისცეს.
გასული წლის ნოემბრიდან კომპანიის თანამშრომლები გაფიცულები არიან და შესაბამისად ნავბთობის მოპოვების სამუშაოები საბადოებზე შეჩერებულია.
„საბადოები უპატრონოდაა, იქ არც ერთი თანამშრომელი აღარა, მხოლოდ ნავთობბაზაზე დარჩა რამდენიმე თანამშრომელი. უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების დაცვა შეუძლებელია. დაბინძურებულია მიმდებარე ტერიტორია და ნავთობი უკონტროლოდ იღვრება და ბინძურდება გარემო. აქ ახლოსაა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალიც, აუცილებელია, შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ვითარების შესწავლა და დროული რეაგირება“, – აცხადებენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კომპანიისგან 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.