საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ნატალი ლუაზომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი პილატეს შეადარა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საფრანგეთის მთავრობის წევრმა მიგრანტების მიმართ სალვინის პოზიცია რომის იმპერიის პრეფექტის, პილატეს ქმედებებს შეადარა, რომელმაც იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ნატალი ლუაზომ სამაშველო გემ Aquarius-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა.
მას შემდეგ, რაც იტალიამ ხომალდზე მყოფი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა, ისინი საფრანგეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და გერმანიამ მიიღო.
„ბატონი სალვინი დღეს პილატე პონტოელივითაა. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა ლუაზომ.
ულტრამემარჯვენე მატეო სალვინი, რომელიც შს მინისტრის პოსტთან ერთად, იტალიის ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებს, მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მხარდამჭერია.