ფრიდრიხ მერცი – უკრაინაში ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს

21:30, 19.11.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შედეგი ევროპის უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს.

„ამ ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.

როგორც მერცმა ბერლინში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გერმანია პარტნიორებთან ერთად კიევის მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეხვედრაზე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადების საკითხი განიხილეს. მერცის თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ.

„ამ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა. ვფიქრობ, სწორედ ეს ფორმატი გვთავაზობს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობას“, – განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, ევროპას მოლაპარაკებებში გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და იტალია წარმოადგენენ. ამასთან, მერცმა ისაუბრა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც დღეს APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა. გერმანიის კანცლერმა ამ შეხვედრას „ფოტოებისთვის განკუთვნილი ღონისძიება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „იალტის ფორმატი“ უკრაინას მშვიდობას ვერ მოუტანს.

მსგავსი