ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - რომ იცოდეთ, ხალხი, რომელიც მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ შეკრიბეთ, იქ მოვიდა არა თქვენი პატივისცემის გამო, არამედ პროტესტი ჰქონდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გაგიშვათ
საგარეო საქმეთა მინისტრობიდან იმიტომ მოგიწიათ გადადგომა, რომ არ იცოდით თამაშის წესები, – ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს წლიური ანგარიშის წარდგა.
„მინდა, იმ თამაშის წესებზე გესაუბროთ, რა წესებითაც თქვენ მოევლინეთ საქართველოს პრეზიდენტად. ყველას გვყავს შვილები, პასუხისმგებლობა გვაქვს ოჯახის წინაშე. ისტორიაში – მეფეების, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მაგალითები, სადაც პირველი პირები უფრო მაღლა აყენებდნენ საქართველოს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ეკისრათ. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე ვსაუბრობ თამაშის წესებზე.
პირველად მინისტრი რომ იყავით და გადადექით, ზუსტად თქვენ რომ არ იცოდით თამაშის წესები, იმიტომ მოგიწიათ გადადგომა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიუხედავად ბევრი სხვა რაღაცებისა, იცის თამაშის წესები. ის ხალხი, რომელიც თქვენ შეკრიბეთ, არ გეგონოთ, თქვენი პატივისცემით მოვიდნენ იქ, მათ პროტესტი ჰქონდათ იმ ხელისუფლების მიმართ, ვინც თქვენ გაგიშვათ, ეს რომ იცოდეთ.
თქვენ იფიქრეთ და მიიღეთ ის ლეგიტიმაცია, რომ შეგეძლოთ საუბარი ხალხის სახელით, რადგან აქ თამაშის წესი შემოგთავაზათ „ოცნებამ“. მე გეკითხებით, მაშინდელ „ოცნების“ თავმჯდომარეს ხომ მიეცით პირობა, რომ თქვენ ღირსეულად შეასრულებდით იმ მოვალეობას, რაც საჭიროა პრეზიდენტის რანგში. თქვენ მიეცით პირობა, მანაც მოგცათ პირობა, რომ გააგრძელებდა მილიონებისა და მილიარდების ხარჯვას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა დატოვა, დღესაც აგრძელებს. ის ზეწოლა, რა ზეწოლითაც ის დღეს არის, შედარებაც არ არის იმ ზეწოლასთან, რომელიც თქვენ მიმართ იქნა გამოყენებული. მჯერა, რომ არის ზეწოლა, მაგრამ თქვენ უნდა დადგეთ ამაზე მაღლა.
თქვენი განცხადებები, რომ მიმოსვლა რუსეთთან არ გვინდა – იმ მოსახლეობას მილიონი ნათესავი ჰყავს აქ, რომელმაც თქვენ ხმა მოგცათ. ეს ჰუმანიტარული მდგომარეობაა, რომ ხალხს ჰქონდეს მიმოსვლა და ის ზარალი, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, ვინ დააკომპენსირებს ამას? იმ მილიარდებს და მილიონებს, რომელიც ამან შეიძლება, მისცეს საქართველოს, ეს ხომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა, ამაზე ვინ აგებს პასუხს, რატომ საუბრობთ, ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.