ფრიდონ ინჯია - უკრაინას თუ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გადიოდა შეიარაღება რუსეთში, უნდა წარადგინოს, შეიძლება, ვიღაცამ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, უკრაინას თუ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გადიოდა შეიარაღება რუსეთის ფედერაციაში, უნდა წარადგინოს.
„სხვა შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, გააკეთოს განცხადება, რომ საზღვარზე, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის, ყველა ქმედება კანონით გათვალისწინებული წესით და რიგით ხორციელდება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
რაც შეეხება კითხვას, რა საფუძველი შეიძლება ჰქონოდა უკრაინის დაზვერვას ასეთი განცხადების გასავრცელებლად, ინჯია არ გამორიცხავს, რომ უკრაინისთვის ვინმეს მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინა.
„შეიძლება, ვიღაცამ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დროის უქონლობისა და უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამო, შეიძლება, ვერ მოახერხეს საკმარისად გადამოწმება იმ ინფორმაციის, რაც მიაწოდეს. იარაღის უკანონო გადატანა-გადმოტანა, ეს სპეციალური სამსახურების კომპეტენციაა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.