ფრიდონ ინჯია - უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ითქვა, რბილი კანონიაო, თუ მსგავსი კანონია აშშ-ში, რომელიც მისაბაძ ქვეყანას წარმოადგენს, ზუსტად ისეთი მივიღოთ, რას ვეფერებით?
ფრიდონ ინჯია - უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ითქვა, რბილი კანონიაო, თუ მსგავსი კანონია აშშ-ში, რომელიც მისაბაძ ქვეყანას წარმოადგენს, ზუსტად ისეთი მივიღოთ, რას ვეფერებით?

უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ითქვა, რბილი კანონიაო. თუ მსგავსი კანონია აშშ-ში, რომელიც მისაბაძ ქვეყანას წარმოადგენს, ზუსტად ისეთი მივიღოთ, რას ვეფერებით, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, ფრიდონ ინჯიამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კანონში საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ამ კანონთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 23 ივნისს, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა, მქონდა წინადადება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებული ყოფილიყო კანონი და მთელი რიგი ჩამონათვალი იყო. სხვათა შორის, მაშინ რაც ვთქვი, ამ კანონპროექტში ასახული არ არის. ალბათ პირველი-მეორე მოსმენის შემდეგ იქნება გათვალისწინებული. პოლიტიკური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც დაფინანსების 88 მლნ მოდიოდა მარტო აშშ-დან, აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, გვევლინებოდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, უკვე სტრუქტურები ჰქონდათ შექმნილი. ამიტომ ჯერ კიდევ 23 ივნისს ვთხოვე მთავრობას, უმრავლესობას, მიეღოთ შესაბამისი კანონი, რომელიც ყველაფერ ამას თავის ჩარჩოებში ჩასვამდა. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ორგანიზაციას, სახელმწიფო იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია. ახლა გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სხვა სახელმწიფო აფინანსებს, რატომ? რადგან მათ ინტერესებში შედის საკითხები, რომლებსაც ისინი ახმოვანებენ. მაინტერესებს, რამდენად ემთხვევა სხვა ქვეყნის ინტერესი ჩემი ქვეყნის ინტერესებს. თუ ეს ერთია, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ დააფინანსოს ის. გვაინტერესებს, თუ მთლიანად ან 80-90 პროცენტს იხდის უცხო ქვეყანა, უხდის ორგანიზაციას, რომელიც დღეს აქ მუშაობს, რა ქვეყანაა და შემდეგ გადავხედავთ, რა ინტერესი აქვს იმ ქვეყანას საქართველოს მიმართ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

უკვე რამდენიმეჯერ ითქვა, ძალიან რბილი კანონიაო, რატომ არის რბილი კანონი? თუ არის ამის მსგავსი კანონი აშშ-ში და ის წარმოადგენს ისეთ ქვეყანს, რომ მისაბაძია, მივიღოთ ზუსტად ისეთი კანონი. კვლავ კოჰაბიტაცია მიდის? რას ვეფერებით? თუ სახელმწიფო ინტერესებია, ის სახელმწიფო ინტერესები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და არა ნახევრად. ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა. ეს ორგანიზაციები 30 წლის განმავლობაში აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ, ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახალხო დამცველს და მრავალ სხვას, საკმარისია. თუ გვინდა, რომ იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ყველა კანონში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები. ასე რომ, ვინც ეს კანონპროექტი შემოიტანა, კარგი იქნებოდა, გადაეხედა იმისთვის, რაც მე მქონდა ჩამონათვალში გაკეთებული 23 ივნისს. გავიდა რვა თვე და მოვიდნენ აზრზე, რომ ეს საჭირო ყოფილა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.