კადრებმა, რომელშიც ასახული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანომობილიდან გადმოყვანა, აჩვენა როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად, – ამის შესახებ „ევროპული სოციალუსტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ინჯიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი, რადგან მას არავინ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის.
„სააკაშვილში არაფერი არ შეცვლილა, გაიხსენეთ, როგორი სცენა დადგა მან და როგორი შემართებით უტევდა 2003 წელს ნარჩემაშვილს და შეადარეთ იმ სცენას, რომელიც იყო ბადრაგებთან, აბსოლუტურად ერთი და იგივე, არაფერი მასში არ შეცვლილა. ყველაფერი, რაც ახლა ხდება მის ირგვლივ, ეს ყველაფერი მის თავში იხარჯება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი, რადგან მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის, სადაც ის არის, იქ ნგრევაა. დაინგრა საქართველოში პირველ რიგში განათლება, დავშორდით აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში, ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. იგივე გაკეთდა უკრაინაში, რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი იმ სახით, როგორიც იყო ტყუპისცალი ე.წ. ვარდების რევოლუციის, შეიძლება, არ მომხდარიყო უკრაინაში და ის დაპირისპირება, რაც არის ახლა უკრაინაში, ის ომი, გარკვეულწილად სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც იყო პორტირებული აქედან უკრაინაში. ის სჭირდებოდათ აზიის ქვეყნებში, მაგრამ არ გამოუვიდათ. რაც ნიშნავს იყო ოპოზიციონერი, ოპოზიციონერი ჩვენი გაგებით, ნიშნავს ის, რაც მიუღებლად თვლი შენ და არ არის მისაღები, იქ შენი პოზიცია უნდა დააფიქსირო. ნახევარი კანონები და გადაწყვეტილებები პარლამენტში ჩვენს პარტიას და ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს ხმა არ მიუცია, რადგან მივიჩნევთ, რომ ის არ იყო იმ დონის, რა დონეც სჭირდება დღეს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, იმედის მომცემია ოცნების ხელისუფლების ის ბოლო განცხადებები, რაც გააკეთეს მათ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია საქმე ბოლომდე რომ მივიდეს, კარგი იქნებოდა, რომ მიეღო გადაწყვეტილება ოცნებას და 2008 წლის მოვლენები დაეწყო გამოკვლევა, გამოძიება, აი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილს ნახავს, ყველა თავის ადგილს იპოვის, ის, ვინც დამნაშავე იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.