ფრიდონ ინჯია - პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში, რათა ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას
ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში, რათა ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, ქვეყანა არის ურთულესი გამოწვევის წინაშე და ამ ვითარებაში პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები. ეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია თითოს ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშაკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის კოჰაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ მწვავედ ვაკრიტიკებდით ქართულ ოცნებას. ნაციონალურ მოძრაობას სურს ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ. ხოლო ქართულ ოცნებას აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთიდა არც მეორე ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა ის თავის ქმედებით ანგრევს ქვეყანას. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც მანდატი აქვს, უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრაველესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. შეიძლება დაისვას კითხვა, ფიქრობთ, თუ არა რომ არჩევნები გაყალბდა, თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაშ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, იყო სერიოზული ხარვეზები გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები სჭირდება. ჩვენ კი, ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციურ პარტიებისგან ვერ ვიხილეთ. მეორე მხრივ, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არჩევნები შეაფასეს როგორ კონკურენტული და თავისუფალი, იყო პრობლემები საარჩევნო კოდექსში, თუმცა თავის დროზე არც ერთ პარტიას არ უთქვამს უარი ამ საარჩევნო კოდექსის პირობებში უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი თავისი ცხრა პოლიტიკური პარტიით ასახავს ამომრჩევლების ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ“, – განაცხადა ინჯიამ.