ფრიდონ ინჯია ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს - კანონი ევროპულ სტანდარტებს თუ არ შეესაბამება, დავამატოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საქმიანობის აკრძალვა
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მესამე მოსმენით მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის საკმაოდ ლოიალური. თუ მიიჩნევთ, რომ მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაშინ კანონში დავამატოთ მუხლები, რომლებიც გაითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვას, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს არის ამერიკისა და ევროპის ცალკეულ ქვეყანაში.
ასეთ შემთხვევაში, ეს კანონი იქნება ზუსტად ერთი ერთში იმ სტანდარტებთან, რასაც მოითხოვთ. სხვა შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და ძირითადი პარტნიორებისგან დაფიქსირებული პოზიციები სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამას არ დაუშვებს საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც აქვს თავისი წარსული, ისტორია, ტრადიციები, ღირებულებები, ფასეულობები, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტით მოქმედება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ამასთან, ფრიდონ ინჯია გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების პარლამენტთან აქციაზე გამოსვლას.
„ასევე, მინდა, გამოვეხმაურო გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების აქციაზე გამოსვლას, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართვადი აქციისთვის, რაც მიმართულია კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. არის თუ არა ეს ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან სხვა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის პრეცედენტი? აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მიზანშეწონილი, დღის წესრიგში დადგეს ასეთი პოლიტიკოსების საქართველოს მიერ დასანქცირების საკითხი? კერძოდ, მათ შეეზღუდოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვა, როგორც ეს ცალკეულ შემთხვევაში ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული და სამართლიანი გზით გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, მივმართავ როგორც მმართველ პარტიას, ასევე რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებს, ყველა ღონე იხმარონ ქვეყანაში პროცესების კანონიერ ჩარჩოში წარმართვისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, საკუთარი ქვეყნის ბედი არჩევნების გზით საარჩევნო ყუთთან გადაწყვიტოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.