ფრიდონ ინჯია - მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ყველა დამნაშავე იყოს გამოაშკარავებული
მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა ყველა დამნაშავე იყოს გამოაშკარავებული, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ამასთან, ფრიდონ ინჯიამ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„გუშინდელ შემზარავ ფაქტს ერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახსა და მთელ საქართველოს. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მომსპობი, ვინც არ უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ 2008 წლის მოვლენებთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დავაინიცირეთ – გამოკვლევა, ფაქტების დადება. გუშინ მოხდა ერთ-ერთი ფაქტი, მაგრამ ხვალ რა მოხდება, კაცმა არ იცის.
მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ ყველა დამნაშავე გამოაშკარავებული იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მათი უნიათო ქმედებით, ბევრ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებით, მოხდა ის, რაც მოხდა. თავიდან ვერ აიცილეს ვერც ომი და არც ისეთი ზომები მიიღეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ ამ რეგიონის ჩამოშორება არ მომხდარიყო და ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. ღმერთმა ქნას, მოიძებნოს გზები – იქნება ეს საუბარი, თუ სხვა მეთოდები, გარდა ძალისმიერისა, რომ საქართველოში მსგავსი უბედურება არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.