ფრიდონ ინჯია - დროზე თუ არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ, ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყნებმა, რომ „მირ“-ის სისტემას შევუერთდეთ
ჩვენ დროზე თუ არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, რომ „მირ“-ის სისტემას შევუერთდეთ, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, „მირ“-თან შეერთებით, მოხდება იმ გადარიცხვების, 32-34 მილიონი დოლარის დაკომპენსირება, რომელსაც ქართველები რიცხავდნენ საქართველოში.
„ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში ხომ ვაძლევთ ხმას რუსეთის საწინააღმდეგოდ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ფული, რომელითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს. გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, უნდა შევინარჩუნოთ. როგორც მე გავიგე, ხორბლის ორი თვის მარაგი გვაქვს დარჩენილიო, ჩვენ ოქროს ფასი არ უნდა დაგვიჯდეს ეს ყველაფერი. ნავთობის 40 პროცენტი რუსეთიდან მოდის, ამ მხრივ, ჩვენ რაღაცნაირად გადავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება, რათა ფეხზე დავდგეთ, გარკვეული მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, შეიძლება, ხორბლის გარეშე დავრჩეთ და თანხები, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან, გარეთ დარჩეს და ჩვენ ვერ მივიღოთ“, – განაცხადა ინჯიამ.