ფრიდონ ინჯია - ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, მართალია, სააკაშვილმა ეს დავალება უნიჭოდ შეასრულა, მაგრამ პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს
ფრიდონ ინჯია - ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, მართალია, სააკაშვილმა ეს დავალება უნიჭოდ შეასრულა, მაგრამ პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს

საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისთვის, რომ ციხიდან გათავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ კოორდინაციაში ჩართული არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი, რამდენიმე ასული დეპუტატი, უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართებიან, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი თქმით, „საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას“.

„გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალების პირნათლად შემსრულებელი იყო. დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები და აწამებდა პატიმრებს, შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც იცავენ სააკაშვილს და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა. მართალია, სააკაშვილმა ეს დავალება უნიჭოდ შეასრულა, მაგრამ პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“ დანაშაული. თუმცა, ამის მიუხედავად, მაშინ სააკაშვილი ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად,როგორც დღეს ზელენსკი. ისიც უნდა ითქვას, რომ „არაჟანის“ სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდათ, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ“, – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „სააკაშვილი და მისი თანამზრახველები აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინეს“.

„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა 2008 წლის ამბის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას აწარმოებს, სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს თავისი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფო ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან თავს იკავებს. თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელი პრაქტიკულად არაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია. იმედი მაქვს, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ „ქართულ ოცნებას“, რომ წერტილი დაესვას და ყველაფერი გამოძიებული იქნას, ამისთვის უნდა შეიქმნას 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია. ამაზე თვეებია, ვსაუბრობთ, ეს აინტერესებს ხალხს, რომ მსგავსი რამ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს“, – განაცხადა ინჯიამ.