ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არ აქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას
ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არ აქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.
როგორც საქართველოს პირველ არხს ინჯიამ განუცხადა, მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კალანდარიშვილს მხარი ერთხელ უკვე დაუჭირა.
„შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე უკეთესი კანდიდატურა ყოფილიყო კარგი, მაგრამ პრეზიდენტმა ვინც წარადგინა, არგუმენტაციას ვერ ვხედავ, რომელიც გიორგი კალანდარიშვილს დაბლოკავს. თუ უკეთესი იქნებოდა, მხარს დავუჭერდი, მაგრამ არგუმენტი არ მაქვს“, – განაცხადა ინჯიამ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მესამედ უყრიან კენჭს. ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანზე ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, 2 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მეოთხე კენჭისყრა გაიმართება, სადაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.