„ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორი მედიის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს
მოვლენების ყველაზე შემაშფოთებელი განვითარება ბოლო წლებში, ალბათ, ეს არის პრესის თავისუფლების მიმართ უჩვეულო წნეხი შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს წამყვან დემოკრატიაში, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით სარა რეპუჩმა განაცხადა, მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუზის“ ახალ ანგარიშთან დაკავშირებით ინტერვიუში.
სარა რეპუჩის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პრესის თავისუფლების მიმართ ინსტიტუციური გარანტიები არსებობს, წამყვანი საინფორმაციო ორგანიზაციები კი რჩებიან ძლიერი და აგრძელებენ ხელისუფლების შესახებ კრიტიკული მასალების მომზადებას, პრეზიდენტის განცხადებები მაინც შემაშფოთებლად მიიჩნევა.
„ამერიკის ხმის“ თანახმად, „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საზოგადო პოზიციას ხელშესახები გავლენა ჰქონდა გლობალურ მედიალანდშაფტზე.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განგრძობითმა კრიტიკამ პრესის მიმართ, სერიოზულად გაამწვავა საზოგადოების „ნდობის ეროზია“ მეინსტრიმ მედიის მიმართ. სხვა ნაბიჯებთან ერთად, პრეზიდენტი განმეორებითად იმუქრებოდა ცილისწამების კანონების გამკაცრებით, ზოგიერთი მაუწყებლისთვის ლიცენზიის ჩამორთევითა და მედიამფლობელების სხვა ბიზნესინტერესების შეზღუდვით. ამერიკის კონსტიტუცია უზრუნველყოფს მრავალფეროვანი დაცვის გარანტიებს მსგავსი ქმედებების მიმართ, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის საზოგადო პოზიციას პრესის თავისუფლების თაობაზე ხელშესახები გავლენა ჰქონდა გლობალურ მედიალანდშაფტზე. ჟურნალისტებს მსოფლიოს გარშემო ახლა უფრო ნაკლები მიზეზი აქვთ, დაიჯერონ, რომ თუკი მათი საბაზისო უფლებები შეილახება, ვაშინგტონი მათ მხარს დაუჭერს და დაეხმარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.