ფრენსის ფუკუიამა - დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველომ საქმეს საკმაოდ კარგად გაართვა თავი, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა
საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეთანხმებული მოსაზრება არსებობს, რომ დაუჭირონ მხარი დემოკრატიის განვითარებას,- ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი [CDDRL], ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, „ღამის დებატებს“ მართავს.
„ღამის დებატების“ თემაა, რა ადგილი უკავია საქართველოს ამერიკის პოლიტიკაში.
“საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეთანხმებული მოსაზრება არსებობს, რომ დაუჭირონ მხარი დემოკრატიის განვითარებას, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში. შეიძლება ჩვენს პრეზიდენტს სხვა საგარეო პოლიტიკის მოსაზრებები გააჩნია, მაგრამ ნამდვილად არსებობს სიმპათიები საქართველოს მიმართ, როგორც დემოკრატებს ასევე რესპუბოიკელებს შორის“, – აცხადებს ფრენსის ფუკუიამა.
კითხვაზე, ბოლო პერიოდში მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის მომავალი ელჩიც მიუთითებენ, რომ გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია, არის თუ არა ეს ამერიკის მითითება და კრიტიკა, რომ რაღაც სწორად ვერ მიდის, ფუკუიამამ აღნიშნა: „რუსეთმა რამოდენიმეჯერ განახორციელა საარჩევნო კამპანიაში ჩარევა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე დიდ ბრიტანეთში და საქართველოც ამ მხრივ მისი პირველი სამიზნე გახლავთ. დღეს სოციალური მედია ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, რომ შესაბამისმა ძალებმა მედიატექნოლოგია თავიანთ იარაღად გამოიყენონ, რათა არჩევნებში ჩაერიონ და ამის მტკიცებულება უკვე ნამდვილად არსებობს“.
მისივე აზრით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქმეს საკმაოდ კარგად გაართვა თავი, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
„რეალურად საკითხი ისე დგას, რომ ძალაუფლება იმ ადამიანის ხელშია, რომელიც ოფიციალურად არჩეული არ არის, ანუ ვისაც ოფიციალური პოლიტიკური არჩევითი პოზიცია არ უკავია. სწორედ ამ მხრივ არის საჭირო, რომ არსებობდეს გამჭვირვალე მმართველობა.ზუსტად უნდა იყოს ცნობილი, რეალურად ვინ არის მთავარი მოქმედი პირი“,- განაცხადა ფრენსის ფუკუიამამ.