ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ელდარ გოგოლაძე გამოიკითხა
ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ელდარ გოგოლაძე გამოიკითხა.
როგორც გოგოლაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა 26 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„ბევრი რამ ალბათ ისე კარგად არ გამახსენდებოდა ამდენი ხნის შემდეგ. რაც მახსოვდა, ყველა შეკითხვას ვუპასუხე“, – აღნიშნა გოგოლაძემ.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, ფიქრობს, რომ საქმის გააქტიურება ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ ინტერვიუს უკავშირდება.
„მე ვთვლი, რომ ამ ინტერვიუს მოყვა ამ საქმის გააქტიურება. შურისძიებას დავარქმევთ, თუ რაიმე სხვას, ეს თქვენ თვითონ შეარჩიეთ ჟურნალისტებმა“, – აღნიშნა გოგოლაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რის საფუძველზე აცხადებს ახლა თავს უდანაშაულოდ ანზორ შარმაიძე, რომელიც ვუდროფის მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი პატიმრობის შედეგ 2008 წელს გათავისუფლდა.
„მე იმ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ფაქტი მოხდა თუ არა, მაშინვე დავწერე პატაკი და მოვითხოვე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადაყენება, რადგან საკმაოდ მაღალი თანამდებობა მეკავა მაშინ. მკითხეს, ვინ იყვნენ მოწმეები და ვუპასუხე“, – აცხადებს გოგოლაძე.
მან აქვე უპასუხა ამერიკელი იურისტის ბრალდებებს, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე წიგნი დაწერა და აღნიშნა, რომ გოგოლაძის მიმართ კითხვები ჩნდება.
„ამას ვუპასუხებ. ის ვუდროფის ოჯახის ადვოკატი არ არის, ამას ვაცხადებ ოფიციალურად. ეს ცნობა მაქვს მე მისი ოჯახისგან, მისი მეუღლისგან. ის მუშაობდა ქალაქ ჰიუსტონში, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ის იქ კერძო პრაქტიკას ეწეოდა. მან თავისი ინიციატივით დაიწყო ეს გამოძიება, და წლებია, გრძელდება, პერიოდულად რუსულენოვან გამოცემებში, აშშ-ში ჩნდებოდა ხოლმე ეს ინფორმაცია. მთელი თაობებია გაზრდილი მწერალი ჟურნალისტების თბილისში და საქართველოში ამაზე“, – განაცხადა გოგოლაძემ.
გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო უწყებაში კვლავ დაიბარონ.
„თავიდან ბოლომდე მომაყოლეს რაც მახსოვდა და ყველაფერზე მივეცი ამომწურავი პასუხი , რაც მახსოვდა. რა მოხდა იქ, სად ვიყავი, საიდან მოვდიოდით, რა ადგილას გვესროლეს, რაც იყ, გავიხსენე უკვე.
შეიძლება, კიდევ მიხილოთ. იმის შემდეგ მე კიდევ ბევრჯერ ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურებრივად ჩასული, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც, სხვა პროექტებზე, სხვა საქმეებზე, რომელზეც ვმუშაობდი და საერთო ინტერესი გვქონდა და თქვენ როგორ გგონიათ, მე რომ ეჭვმიტანილი ვყოფილიყავი, იქ მე ვინმე მიმიღებდა წლების განმავლობაში ვიზიტებით ვივლიდი იქ და უერთიერთობა მექნებოდა? მე ვესწრებოდი მის დაკავებას, ჩემ გარდა იქ იყო ბევრი ხალხი, იყო პროკურატურა, იყო პოლიციის ხალხი და დააკავეს ის. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამომიძახებენ და როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვალ. დაკავებას რაც შეეხება, ნორმალურ სიტუაციაში ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით რის გამო და ვის გამო დაიწყო ეს, მისი გავლენები, მისი შესაძლებლობები და სტილი, აი, შენ მილიონი და ასე შემდეგ, არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა გოგოლაძემ.
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ფრედი ვუდროფი საქართველოში წვრთნებს ატარებდა. ის თბილისის შემოსასვლელთან 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ავტომობილში, რომელშიც ელდარ გოგოლაძეც იმყოფებოდა. ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ანზორ შარმაიძე გაასამართლეს, რომელმაც 15-წლიანი სასჯელი მოიხადა და 2008 წელს გათავისუფლდა. შარმაიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამ მოტივით პროკურატურას მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. სწორედ ამ მოტივით დაიწყო საგამოძიებო უწყებამ ხელახალი მოკვლევა, რომლის ფარგლებში შარმაიძე უკვე გამოიკითხა. ის გვარებს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყებაში მან კონკრეტულ პირებზე ისაუბრა. შარმაიძე ამბობს, რომ ელდარ გოგოლაძე მისი დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდა. ანზორ შარმაიძეს, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის სტატუსი ამ ეტაპზე მინიჭებული არ აქვს.