რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდეთ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდეთ.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში კორონავირუსი დაფიქსირდა, ტესტირება იქ მომუშავე ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს უნდა ჩაუტარდეს და არა მხოლოდ მათ, ვისაც ლევან გოგიჩაიშვილთან შეხება ხუთი სექტემბრის შემდეგ ჰქონდა.
„ჩვენ, პოლიტიკოსები რა თქმა უნდა, საფრთხის და რისკის შემცველები ვართ. ამომრჩეველს ყოველდღიურად ვხვდებით და უამრავი სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს. მოვდივარ და თქვენ გესაუბრებით, ვესაუბრები ამ მიკროფინს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ინფიცირებული იყოს და თქვენ გადაგდოთ. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, მიხედეთ ჟურნალისტებს. ჟურნალისტები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოსთან იდგნენ და ინტერვიუს წერდნენ, ერთხელ მაინც იყვნენ უფასოდ ტესტირებულნი? უნდა განხორციელდეს ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფასო ტესტირება, რომლებიც სამართლიან პრეტენზიას გამოთქვამენ. პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ნუ ზოგავენ რაღაც პატარა ფულს, ნუ იკვლევენ ვის და სად ჰქონდა კონტაქტი ხუთი სექტემბრის შემდეგ. 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორია, არ არის ეს დიდი ფული. ეს იქნება ორი ათასი ლარი და თანაც უზარმაზარი ოდენობის ტესტის მასალებია შეძენილი. ჟურნალისტების ტესტირება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.