ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები კახა კუჭავას შეხვდნენ
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ყველა აქტუალურ საკითხს, მათ შორის საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულების თემებს.
„ფრაქციის წევრებს გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ცხადია, განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებას და რა თქმა უნდა, შეთანხმების შესრულება ვადებში და იმ შინაარსით და სულისკვეთებით, რომლითაც შეთანხმება დაიდო. ცხადია, იყო საუბარი მართლმსაჯულების საკითხებზე, საარჩევნო რეფორმაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გახსოვთ, რომ ფრაქციის დაფუძნებიდან ძალიან მალევე სპიკერმა გამოთქვა ფრაქციასთან შეხვედრის სურვილი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრების სივრცე მუდმივად იარსებებს. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად, რათა კონკრეტული საკითხები, რაც პარლამენტის დღის წესრიგში დგას, იყოს გადაწყვეტილი შეთანხმების შესრულების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.