ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც არის „ქართული ოცნების“ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ლარი გაუფასურდა, ჩავარდა ინფრასტრუქტურული პროექტები, გაიზარდა საშინაო და საგარეო ვალი.
„ბიუროკრატიული ხარჯი მუდმივად იზრდება და დაპირება ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით მუდმივად შეუსრულებელია. ეს არის საკითხები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს იბარებს, რომელიც ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა ამ ჩამოთვლილ საკითხს. პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მინისტრის მოსვლას. გაზაფხულზე ივანე მაჭავარიანმა რეგლამენტს თავი აარიდა და არ გამოცხადდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოვიდეს და საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში პასუხი გასცეს შეკითხვებს. რა განაპირობებს ლარის ასეთ გაუფასურებას, რატომ იზრდება საგარეო და საშინაო ვალი, რატომ არის ასეთი გაუთვლელი საპენსიო რეფორმა, რატომ არ კვეცს მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯს. ეს არის საკითხები, რომელიც მწვავეა და აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.