ფრანს ტიმერმანსი - პოლონეთმა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა ვერ გადაწყვიტა, თუმცა არის გარკვეული პროგრესი
ევროკომისიამ და პოლონეთმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს, თუმცა მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
როგორც გამოცემა Euobserver-ი წერს, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.
„გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა გადაწყდა“, – განაცხადა ტიმერმანსმა.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ, ქვეყანაში ჩატარებული სასამართლო რეფორმის გამო, სანქციების დაწესების პროცედურა დაიწყო. საქმე ეხება სადავო სასამართლო რეფორმას, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ, ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო.
პოლონეთის მთავრობამ ბოლო ორ წელიწადში სასამართლო რეფორმის ფარგლებში 13 ახალი კანონი დაამტკიცა. რეფორმის შედეგად, პოლონეთის მთავრობამ მოსამართლეების დანიშვნის უფლება მოიპოვა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს წევრებს პარლამენტი აირჩევს, მცირდება მოსამართლეთა საპენსიო ასაკი, რის გამოც ბევრ მათგანს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, ვარშავა ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლებას დაკარგავს.