ფრანს ტიმერმანსი - ევროკავშირმა დიქტატურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას
ფრანს ტიმერმანსი - ევროკავშირმა დიქტატურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი აცახდებს, რომ ევროკავშირმა დიქტატურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას. ამის შესახებ ტიმერმანსმა ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ევროკავშირისთვის პოლონეთის სასამართლო რეფორმა და უნგრეთის არჩევნებში ავტორიტარი ვიქტორ ორბანის გამარჯვება.

„მე მინახავს ევროპა სხვადასხვა ფორმით.  ვყოფილვარ პოლონეთში, როდესაც აქ ჯერ კიდევ იყო დიქტატურა.  ვყოფილვარ უნგრეთში, როდესაც იქ იყო დიქტატურა. ევროპელებს აქვთ მყარი ვალდებულება, დარწმუნდნენ, რომ ისინი და ჩემი შვილები არასდროს იხილავენ მის (დიქტატურის) დაბრუნებას“, – განაცხადა ფრანს ტიმერმანსმა. მისივე თქმით, მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მოხარულია უნგრეთისა და პოლონეთის მოსახლეობის პროევროპული განწყობის გამო.

ფრანს ტიმერმანსი პოლონეთში ვარშავასა და ბრიუსელს შორის სასამართლო რეფორმის გამო უთანხმოების ფონზე იმყოფებოდა.

პოლონეთის მთავრობამ ბოლო ორ წელიწადში სასამართლო რეფორმის ფარგლებში 13 ახალი კანონი მიიღო.რეფორმის შედეგად პოლონეთის მთავრობამ მოსამართლეების დანიშვნის უფლება მოიპოვა. ამას გარდა, მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს წევრებს პარლამენტი აირჩევს, მცირდება მოსამართლეთა საპენსიო ასაკი, რის გამოც ბევრ მათგანს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ევროკავშირის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობისთვის ვარშავას სანქციები ემუქრება. ევროკომისიამ ჯერ კიდევ 20 დეკემბერს პოლონეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო დისციპლინარული პროცედურა დაიწყო. ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, პოლონეთს საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. ამისთვის 22 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. უნგრეთი აცხადებს, რომ პოლონეთის დასაცავად ვეტოს უფლებას გამოიყენებს.