„ფრანს 24“ - ფრანგი ეპისკოპოსები აცხადებენ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ფრანგი ეპისკოპოსების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.
როგორც ეპისკოპოსები აცხადებენ, ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს.
„ფრანს 24“ წერს, რომ ცერემონიას ასევე ზოგიერთი კონსერვატორის უკმაყოფილება მოჰყვა და ღონისძიებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მიმოხილვები გამოიწვია.
„გახსნის საღამომ საოცარი სილამაზის, სიხარულის, ემოციებით მდიდარი მომენტები შემოგვთავაზა და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ღონისძიება შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რაზეც ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეპისკოპოსებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა სცენებზე იყო საუბარი, თუმცა „ფრანს 24“ წერს, რომ საუბარი, შესაძლოა, ეხებოდეს სეგმენტს სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მჯდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა. ეს სცენა კი ბევრს მოაგონებდა საიდუმლო სერობას.
„ჩვენ ვფიქრობთ მთელ კონტინენტზე მცხოვრებ ქრისტიანებზე, რომლებმაც დამცირებულად იგრძნეს თავი გარკვეული სცენების გადაჭარბებითა და პროვოკაციულობით“, – განაცხადეს ეპისკოპოსებმა.