ფრანკფურტში კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრის პიკეტირება სცადეს
ფრანკფურტში კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრის შესასვლელების პიკეტირება სცადეს. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „დედამიწას სათადარიგო გეგმა არ აქვს“.
ფრანკფურტის გარდა გარემოსდამცველებმა დემონსტრაციები გამართეს გერმანიის სხვა დიდ ქალაქებშიც. აქცია გაიმართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიც.
მანიფესტანტები გლობალურ მოძრაობას შეურთდნენ, რომლის ორგანიზატორებიც კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.
ამ მოთხოვნით გლობალური კამპანიის ფარგლებში აქციები გაიმართა 153 ქვეყნის 2300 ქალაქში.
მათ შორის დემონსტრაციები ჩაატარეს ლისაბონში, სადაც მომიტინგეებს შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი შეურთდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე 11 000-ზე მეტმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ქვეყნების უმეტესობა, რომლებსაც პარიზის კლიმატურ შეთანხმებაზე აქვს მოწერილი ხელი, ვალდებულებას არ ასრულებს, რაც პლანეტაზე ტემპერატურის მატებას და სხვადასხვა სტიქიურ უბედურებებს გამოიწვევს.
კლიმატის ცვლილებების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია 2-13 დეკემბერს მადრიდში უნდა გაიმართოს.