ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონს პრემიერი მამუკა ბახტაძე გახსნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს გახსნის.
მამუკა ბახტაძის ინიციატივით, 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი დღით გამოიფინება უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.
„ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა, ასევე – მეტეორიტის ქვები.
უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში გაიგზავნება, სადაც ნიუ-იორკში, გაერო-ს არტ კოლექციაში განთავსდება.