ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველო მასპინელი სტუმარი ქვეყანაა
ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ფესტივალი ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის კოორდინატორი ირინა საგანელიძე, საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიაში დუდანა მაზმანიშვილი და მოწვეული სტუმრები.
პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
ფესტივალი ანსამბლმა “ირიაომ”, მიშო ურუშაძემ, KORDZ/Zagareli&Strings-მა და ლუკა ნაკაშიძემ გახსნეს.
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი ,,ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; ასევე, ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება – ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები; ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი.
პროექტის – ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფესტივალზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.