ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის River Bank Festival-ზე, რომელსაც ყოველწლიურად სამი მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამდღიანი საფესტივალო პროგრამა მუსიკალურ ნომრებს, თეატრალურ დადგმებსა და ფოლკლორული ხელოვნების გაცნობას ითვალისწინებს.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოს-შემსრულებლები, ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს კი, პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ. გარდა ამისა, ბავშვებისათვის თოჯინური ოპერის სპექტაკლი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ბავშვები ჩაერთვებიან. ასევე მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაციაც.
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.