ფრანკფურტის ფესტივალზე 24-26 აგვისტოს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
ფრანკფურტის ფესტივალზე 24-26 აგვისტოს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად სამი მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო 24-26 აგვისტოს, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

სამი დღის მანძილზე, დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი ,,ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი  და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სიმები და ბრასი; ასევე ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები. ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი.

პროექტის  ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები. მოეწყობა  ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.