ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გერმანელმა კოლეგამ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიულოცა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს გერმანიისა და თურქეთის ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და მისი გაღრმავების საკითხი განიხილეს. პირველმა პირებმა მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 99,9 პროცენტის დათვლის შედეგად, თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი კი მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ დაიკავა 30,6 პროცენტით.
იმავე დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი კვლავ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ლიდერობს 42,5 პროცენტით. კოალიციის წევრ „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას“ ამომრჩეველთა ხმების 11,2 პროცენტი აქვს. შედეგად, მათმა გაერთიანებულმა სახალხო ალიანსმა ერთად 53,6 პროცენტი მოაგროვა და 600-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 343 სავარძელი დაიკავა.