ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველები ჩადიან გერმანიაში, სწავლობენ, მუშაობენ, ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველები ჩადიან გერმანიაში, სწავლობენ, მუშაობენ, ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი

ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველები ჩადიან გერმანიაში, გერმანულ ქალაქებში, სწავლობენ, მუშაობენ, ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველები, ქართველი სტუდენტები ჩადიან გერმანიაში, გერმანულ ქალაქებში. სწავლობენ, მუშაობენ ბერლინში, სხვა ქალაქებში. ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი. ჩვენ გვიხარია, რომ ნინო ხარატიშვილი, ქართველი, გერმანელი მწერალი ცხოვრობს ჰამბურგში და ძალიან აქტიურად არის ჩართული ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასევე ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც ცხოვრობს ბერლინში და ახლავს ჩვენს დელეგაციას. ორივე ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს. უწინარეს ყოვლისა, ეს არის ქართულ-გერმანული კულტურული მემორანდუმი. ეს არის კულტურული ურთიერთობების ამსახველი მემორანდუმი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ შეესხა ხორცი და მოხდა ხელმოწერა“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.