ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა წერტილი დაუსვა საერთო ევროპული სახლის იდეას
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ წერტილი დაუსვა საერთო ევროპული სახლის იდეას, რომელიც საბჭოთა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გააჟღერა.
მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის პროფკავშირების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, 8 მაისს, საერთო ევროპული სახლის ოცნება ჩავარდა. მისი ადგილი კოშმარმა დაიკავა. ეს 8 მაისი ომის დღეა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიის დაცვის აუცილებლობას.
„ეს ომი გვაგებინებს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, როგორც ქვეყნის შიგნით და ისე გარეთ. უკრაინაზე თავდასხმა ასევე არის თავდასხმა ლიბერალური დემოკრატიის იდეასა და ღირებულებებზე, რომლებიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ადამიანის ღირსებაზე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
ამასთან, როგორც მედია წერს, შტაინმაიერმა პუტინის მცდელობებს, პარალელი გაავლოს 1945 წელს მესამე რაიხზე გამარჯვებასა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას შორის, ისტორიის მზაკვრული და ცინიკური შეურაცხყოფა უწოდა.