ფრანგული Sanofi მზად არის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 100 მილიონი დოზა ჩამოასხას — #1tvმეცნიერება
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi ივლისიდან Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზას ჩამოასხამს, რათა ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტს უზარმაზარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაეხმაროს.
როგორც ფრანგული კომპანის ხელმძღვანელმა პოლ ჰადსონმა Le Figaro-სთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში არსებულ საკუთარ ქარხანაში ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზის ჩამოსხმა შეუძლია.
Pfizer-ი და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ი, COVID-19-ის ვაქცინების სხვა მწარმოებლების, მაგალითად, AstraZeneca-ს მსგავსად, ვაქცინაზე გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.
გასულ თვეში, Sanofi-მ და ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა განაცხადეს, რომ ვაქცინამ, რომელზეც ისინი ერთობლივად მუშაობენ, ხანდაზმულ ადამიანებში არასაკმარისი იმუნური პასუხი აჩვენა და ამის გამო, მუშაობის განახლება წლის ბოლოსთვის გადადეს.
ამის შემდეგ, ევროპაში პანდემიის გაძლიერებასთან ერთად, კომპანია დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და მისგან ბევრი ითხოვდა, რომ COVID-19-ის ვაქცინების სხვა მწარმოებლებს დახმარებოდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საკუთარი ვაქცინა რამდენიმე თვით გადაიდო, ჩვენს თავს ვკითხეთ, როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით სხვებს“, — ამბობს ჰადსონი.
COVID-19-ის mRNA ტექნოლოგიის ვაქცინაზე Sanofi ასევე მუშაობს ამერიკულ კომპანია Translate Bio-სთან ერთად; კლინიკური ცდების I ფაზა წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამავე ტექნოლოგიით არის დამზადებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაც.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.