დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულ საზოგადოებას მათი ხილვის საშუალება დღეს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე მიეცემა, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება.
საავიაციო ბაზაზე ფრანგული Thales Las და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინება.
საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია, როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისთვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
საქართველოს თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისთვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.
მათივე ცნობით, აშშ-ის მხარის დახმარებით ასევე მიმდინარეობს ვერტმფრენების პარკის განახლება და მოდერნიზაცია. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.