ფრანგმა კარიკატურისტმა დონალდ ტრამპის შესახებ 100 კარიკატურა დახატა
სოციალურ ქსელ Twitter-ში დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ფრანგმა კარიკატურისტმა და მულტიპლიკატორმა ფრანსუა ბუკმა 100-მდე კარიკატურული ნახატი შექმნა, მისმა თანაავტორმა ვანესა დუჰამელმა კი წიგნი გამოსცა სახელწოდებით „ტრამპის 100 პოსტი „ტვიტერში“.
მათ ნამუშევრები თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაუგზავნეს წარწერით „ჩვენ ამას უშენოდ ვერ შევძლებდით“.
ფრანსუა ბუკმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებული არ არის, მოეწონება თუ არა პრეზიდენტს ნამუშევრები.
კარიკატურაზე დონალდ ტრამპთან ერთად სხვადასხვა ამერიკელი პოლიტიკოსი და მსოფლიო ლიდერიც არის გამოსახული, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩემ ინი.
„შესაძლოა, პრეზიდენტმა ტრამპმა სულაც არ მოიწონოს ჩემი და ვანესას ერთობლივი ნამუშევარი, რომლის შთაგონების წყაროდ სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი განცხადებები იქცა. შესაძლოა, მან Twitter-ში პოსტიც კი მოგვიძღვნას“, – აღნიშნა ფრანსუა ბუკმა.
ვანესა დუჰამელის წიგნის პრეზენტაცია 7 მარტს გაიმართება. ბუკის კარიკატურული ნახატებიც ამავე წიგნშია შესული.
ბოლო 14 თვის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში 37 ათასზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა. ვანესა დუჰამელმა და ფრანსუა ბუკმა ამ პოსტებიდან, როგორც თავად ამბობენ, 100 ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი განცხადება შეარჩიეს.