ფრანგი სენატორი დემიენ რეგნარი - საფრანგეთში ჩვენ განვიხილავთ მარტში დაგეგმილი არჩევნების გადადებას, აღტაცებული ვარ საქართველოთი და ვიმედოვნებ, რომ შაბათს ხალხი მივა არჩევნებზე
ჩვენ აქ ვართ არა გაკვეთილის ჩასატარებლად, არამედ არჩევნებზე დასაკვირვებლად, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და მის ფარგლებში შაბათს ტარდება არჩევნები, – ამის შესახებ ფრანგმა სენატორმა, დემიენ რეგნარმა განაცხადა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ფრანგი პოლიტიკოსების შვიდკაციან ჯგუფთან ერთად იმყოფება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ასევე არჩევნებში მონაწილეობა. ის საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
გარდა ამისა, დემიენ რეგნარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი. დემიენ რეგნარის განმარტებით, მაგალითად, საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მარტში დაგეგმილი არჩევნების გადადების საკითხი განიხილება. ფრანგი სენატორი ამბობს, რომ აღტაცებულია საქართველოთი, სადაც, პანდემიის მიუხედავად, არჩევნები ტარდება.
„მე ფრანგი სენატორი ვარ, ჩართული ვიყავი ბევრ საარჩევნო პროცესში არა მხოლოდ საფრანგეთაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ჩვენს დელეგაციაში წარმოდგენილი არიან საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის წევრები. ჩვენ გვაქვს მანდატი, დავაკვირდეთ, შევამოწმოთ და ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ღიაა დამკვირვებლებისთვის, ეს ეხება ძველ დემოკრატიებსაც, როგორიც არის აშშ.
ჩვენ დამკვირვებლებს მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავგზავნით. ასე რომ, ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩვენ აქ არ ვართ გაკვეთილის ჩასატარებლად, ჩვენ აქ დასაკვირვებლად ვიმყოფებით. მე ვაფასებ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და მის ფარგლებში ამ შაბათს ტარდება არჩევნები. ჩვენ აქ ვართ როგორც მოწმეები და პროცესში არ ვერევით. მე აქ არა გაკვეთილების ჩასატარებლად, არამედ დასაკვირვებლად ვიმყოფები.
ახლა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, მდგომარეობა ძალიან განსაკუთრებულია. მაგალითად, საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩვენ განვიხილავთ მარტში დაგეგმილი არჩევნების გადადების საკითხს. მე აღტაცებული ვარ საქართველოთი და ვიმედოვნებ, რომ შაბათს ხალხი მივა არჩევნებზე და საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მისცემ ხმას. მე ამას ყოველთვის ვამბობდი, როდესაც ოპოზიციის კანდიდატიც ვიყავი, უბრალოდ წადით და მიეცით ხმა. ეს თქვენი ხმა და თქვენი უფლებაა. ასე რომ, აბსოლუტურად ყველა ქართველს მოვუწოდებ, წავიდნენ არჩევნებზე. ჩვენ ოპოზიციის ან სხვა მხარის შესაფასებლად არ ჩამოვსულვართ. აქ ვართ პროცესის მონიტორინგისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სამართლიანი და თავისუფალია“, – განაცხადა დემიენ რეგნარმა.