ფრანგი მფრინავები და ბორტგამცილებლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვას შეუერთდებიან
ფრანგი მფრინავები და ბორტგამცილებლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილ გაფიცვას შეუერთდებიან.
საფრანგეთში უკვე ორ კვირაზე მეტია, გრძელდება გაფიცვა, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რკინიგზის თანამშრომლები მონაწილეობენ. გაფიცვას შეუერთდნენ „ეარ ფრანსის“ დისპეტჩერებიც, რის გამოც, დეკემბრის დასაწყისში რეისების 20% გაუქმდა, თუმცა ამის შემდეგ თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდნენ.
დღეს პროფკავშირებმა მოუწოდეს საავიაციო სფეროში დასაქმებულებს, 3 იანვარს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. გაფიცვა, შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს.
დღეს მოქმედი კანონით საფრანგეთში დასაქმებულ ბორტგამცილებლებს პენსიაზე გასვლა 55 წლის ასაკიდან, ხოლო მფრინავებს 60 წლიდან შეუძლიათ.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმის მიხედვით კი ე.წ. განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც გარკვეულ სფეროში დასაქმებულ პირებს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობას აძლევდა, გაუქმდება და ამოქმედდება უნივერსალური სისტემა, რომლის მიხედვითაც, პენსიაზე გასვლა 62 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული.