ფრანცის რუნი - აშშ-მა უნდა გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით
მნიშვნელოვანია, გვქონდეს მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან და ჩვენს იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გაყინული კონფლიქტების სახით რუსეთმა წარმოქმნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში. ამას არასდროს შევეგუებით, – ამის შესახებ კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ფრანცის რუნიმ განაცხადა, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით.
კონგრესმენის თქმით, აშშ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიაღწია.
მისი განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.
“რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს რთულ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის და როცა ხმის მიცემის დრო დგება, ცხადი ხდება თუ რატომ უნდა მისცენ ხმა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მხარდამჭერ კანონპროექტს“, – აღნიშნა ფრანცის რუნიმ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.