FoxNews-ის ვებგვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა 
FoxNews-ის ვებგვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ამერიკულ სამუშაო ადგილებს შექმნიდა და გააუმჯობესებდა ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ ნათქვამია FoxNews-ის ვებგვერდზე, თვალსაზრის რუბრიკაში, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

„ასი წლის წინ ამ თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. დამოუკიდებლობა, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის და რომელიც აღნიშნულია მუდმივი ბრძოლით თავისუფლებისთვის. მოკლე ხნის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული და ჩვენ გავუძელით 70 წლიან ოკუპაციასა და გარე ძალების დომინირებას“, – ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველო არის კომერციული და კულტურული ჰაბი, ასევე სასურველი მიმართულება ტურისტებისთვის და დემოკრატია, განვითარებული სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტებით.

„ამ გზის გავლა აშშ-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. აშშ დარჩა ერთგულ მეგობრად ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, როდესაც 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია მოხდა და ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც დასავლურ ქვეყანას, გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მათ შორის ერაყის და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით. მისივე თქმით, საქართველო NATO-ს ასპირანტი სახელმწიფოა და მისი თავდაცვის ხარჯები უკვე სცილდება ალიანსის მოთხოვნებს.

„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას, რადგან შესაძლებლობები იმდენად მიმზიდველია, ხოლო შედეგები შორს მიმავალი. ჭკვიანური ვაჭრობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მტკიცე შეთანხმებით დაიწყება, ჩვენს დღის წესრიგში უნდა იყოს”, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისთვის და რამდენიმე მიმართულებით მოუტანდა სარგებელს აშშ-ის ინტერესებს ევრაზიაში.

„პირველ რიგში, ამ შეთანხმებით ამერიკულ კომპანიებს ევრაზიაში ფეხის მოკიდებაში დაეხმარებოდა და გაუხსნიდა გზას ახალი აბრეშუმის გზისკენ, ევროპისა და აზიის 2 მილიარდიანი ბაზრისკენ. საქართველო სწარაფად ხდება ევროპის და ჩინეთის დამაკავშირებელ მთავარ სახმელეთო გზად.

მეორე, სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში. სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე საქართველო, რომელიც ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, არის ერთადერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების მიწოდებისთვის, კასპიის აუზიდან ევროპაში.

და ბოლოს, აშშ-ისა და საქართველოს სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა მეტ სამუშაო ადგილს ამერიკელებისთვის. საქართველომ უკვე გააფორმა კონტრაქტების ამერიკულ კომპანიებთან ანაკლიის პორტის განვითარებისა და ოპერირების თაობაზე”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს წინ წაწევს, ხოლო საქართველო კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება დასავლეთის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკასა და უსაფრთხოების არქიტექტურაში.

„საქართველო რჩება ნათელ წერტილად, ევრაზიის ახალი ეკონომიკურ პარადიგმაში. ხოლო აშშ-ისთვის წარმოადგენს მზადყოფნაში მყოფ და ყველა შესაძლებლობის მქონე მეგობარს”, – წერს პრემიერ-მინისტრი.