Fox News-ის მიერ გამოკითხულ აშშ-ის მოქალაქეთა 63% დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მომხრეა
Fox News-მა მაისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 63% ამ შეხვედრის მომხრეა, მხოლოდ 30% არ მიესალმება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებას.
გამოკითხვის შედეგებმა ასევე აჩვენა, რა შედეგებს პროგნოზირებენ ამერიკელები – 42%-ს მოლოდინი აქვს, რომ მოლაპარაკება აშშ-ის სასარგებლოდ დასრულდება.
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შეხვედრის შეთავაზება დონალდ ტრამპმა 9 მარტს მიიღო, რაზეც აშშ-ის ლიდერმა თანხმობა განაცხადა.
შოკისმომგვრელი განცხადება სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში გააკეთა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გააჟღერა. ამავე წერილის მიხედვით, კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება. ეს რამდენიმეთვიანი ორმხრივი მუქარებისა და დაძაბულობის შემდეგ მოვლენათა მნიშვნელოვანი შემობრუნებაა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება დიდი პროგრესია, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე დარჩება ძალაში.