ფოთში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე გაათავისუფლეს
ფოთში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე გაათავისუფლეს

ფოთში გუშინ დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე გათავისუფლებულია. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავება. გათავისუფლებულების თქმით, მშვიდობიან აქციას მართავდნენ და პროვოკაცია მოუწყვეს.

„გამოძიება გვედავება წვრილმან ხულიგნობას. ჩვენ მშვიდობიანად მივედით მერის საცხოვრებელ სახლთან საქართველოს დროშებით, მან კი, დაგვახვედრა იქ ზონდერ ჯგუფები, თავისი საახლობლო, დაახლოებით 30 ადამიანი იყო. აგრესიულები იყვნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და მათი მხრიდან გამოწვეულმა პროვოკაციამ გამოიწვია ჩემი და ჩემი თანაბრძოლების დაკავება. გუშინ, გვიან ღამით მე გამათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი დღეს გაათავისუფლეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა იოსავამ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამივნო სუნი გააპროტესტეს და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქალაქის მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავენ, მერის ახლობლებთან დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.